16 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
სახელმწიფო ვერ გახდება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური პაექრობის მძევალი, ჩვენ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ - ირაკლი ქადაგიშვილი რობინ დანიგანის განცხადებაზე

ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საუბარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის ინტერვიუზე და ამასთან დაკავშირებით, ჩინეთის საელჩის საპასუხო განცხადებაზე. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, ღია და გამჭვირვალე ტენდერი ჩატარდა და სწორედ მის საფუძველზე იქნა შერჩეული ჩინური კომპანია.

"ჩვენ როგორც ღია სახელმწიფომ და ღია ეკონომიკამ, გამოვაცხადეთ ღია, ევროპული და საერთაშორისო წესების სრული დაცვით საერთაშორისო ტენდერი. ვინც მიიღო ამ ტენდერში მონაწილეობა, ის კომპანია გახდა გამარჯვებული. სამწუხაროდ, არ მიუღია ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიებს ამ ტენდერში მონაწილეობა. არც ევროპის ბევრ ქვეყანას არ გამოუჩენია, რაიმე კონკრეტული ინტერესი და საბოლოო ეტაპზე, დაგვრჩა მხოლოდ ჩინური კომპანია, რომელიც რა თქმა უნდა, ყველა იმ პირობებს აკმაყოფილებს, რაც ტენდერით იყო მოთხოვნილი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ვერ გახდება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური პაექრობის მძევალი. ჩვენ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ. მით უმეტეს, რომ რა თქმა უნდა, ჩინური ტვირთები იქნება ძირითადი ის ტვირთები, რომლებმაც პერსპექტივაში დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გზა უნდა უზრუნველყოს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ანაკლიის პორტის შესახებ კითხვაზე, პასუხად ამერიკის ელჩმა თქვა, რომ კომპანია China Communications Construction Company უმეტესობას "ჩინეთის კომუნისტური პარტია" ფლობს და ეს კომპანია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, არიან რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებლები.

რობინ დანგანის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოში ჩინეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა. საელჩო რობინ დანიგანის ამ განცხადებას აზრს მოკლებულს და ფაქტებთან სერიოზულად შეუსაბამოს უწოდებს.

 

დღის ამბები