"ატლანტიკურმა საბჭომ" საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა. ახალი ინდექსების პრეზენტაციას და საჯარო განხილვას საბჭო 25 ივნისისთვის აანონსებს. იქამდე კი ორგანიზაციამ 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა.
თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო 164 ქვეყანას შორის 51-ე, ხოლო სახელმწიფოების და ტერიტორიების მიხედვით 50-ე ადგილზეა. ქვეყანას ინდექსში აქვს სტატუსი "ზომიერად თავისუფალი".
თავისუფლების დონით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს უსწრებს. რაც შეეხება შედარებით ნაწილს, 2012 წლის შემდეგ "თავისუფლების" შეფასების ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა და ევროპაში პირველ პოზიციაზეა, ხოლო 2012 წლის შემდეგ "კეთილდღეობის" შეფასების ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში ლიდერია.
ორგანიზაცია თავისუფლების მდგომარეობას აფასებს რამდენიმე კრიტერიუმით მათ შორისაა სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციისგან თავისუფლება და საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აქართველო ყველა მიმართულებით არის ლიდერი ქვეყანა კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე ობიექტური გადაწყვეტილებების ფონზე და უცნაურია, როდესაც ისმის უსამართლო კრიტიკა საზოგადოებისა და ხელისუფლების მისამართით.
"როდესაც ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება ხდება კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე, საქართველო ყველა მიმართულებით არის ლიდერი ქვეყანა და ამ მხრივ კიდევ უფრო უცნაური არის, როდესაც ისმის უსამართლო კრიტიკა ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების მიმართ. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთი მაჩვენებლები და პარამეტრები ქმნიან იმ გარემოს, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, მეტი დაინტერესება იყოს ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც საქართველო არის ერთ-ერთი წამყვანი და მთავარი აქტორი, თუნდაც შუა დერეფნის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შესაბამისად ყველამ უნდა გაითვალისწინოს სწორედ ამ კვლევების შედეგები მაშინ, როდესაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.