16 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
გადაწყვეტილებები, როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც იქნება დაფუძნებული მხოლოდ კანონმდებლობაზე და არაფერზე სხვაზე - ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით სპეკულაციური შეფასებებისგან თავი შეიკავონ. მისივე თქმით, ცესკოს გადაწყვეტილებები იყო და მომავალშიც იქნება დაფუძნებული მხოლოდ კანონმდებლობაზე და არაფერზე სხვაზე.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვეტოს დასაბუთებისას, იხმარა ფრაზები, როგორიც არის ერთპარტიული ცესკო, მიკერძოებული ცესკო და ა.შ. არადა ცხადია ყველასთვის, მათ შორის, პირველ რიგში, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში 9 პოლიტიკური პარტია ნიშნავს საკუთარ წარმომადგენელს. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებები, როგორც აქამდე, ასევე, მომავალში იქნება დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობაზე და არაფერზე სხვაზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტთან იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები იყოს ადმინისტრირებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისად და, სამწუხაროა, ამგვარი აღქმების შექმნის მცდელობა, რომლებიც უკვე გამოიყენება და დარწმუნებული ვარ მომავალშიც იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილი.

ჩვენ წინ გვაქვს ტექნოლოგიური არჩევნები, ეს არის საერთო საქმე ამიტომაც ვთხოვთ ყველა ჩართულ მხარეს, რომ სწორედ ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე ჰქონდეს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიციები," - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მეცხრე ვეტოს დასაძლევად ემზადება. საუბარია საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა იურიდიულმა კომიტეტმა მის მოტივირებული შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტისთვის მიუღებელია ცესკო-ში გადაწყვეტილებისთვის საჭირო მაღალი, ორ-მესამედიანი კვორუმის უბრალო უმრავლესობით შეცვლა, რაც ზურაბიშვილის აზრით, "ქართულ ოცნებას" ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს.

დღის ამბები