27 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. დემოკრატიის გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებზე გადაუდებელი დებატების გამართვას შეეწინააღმდეგა "ქართული ოცნება".
სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე მსგავსი დისკუსია შესაძლოა განიხილებოდეს, როგორც არჩევნებში ჩარევა. სწორედ ამ არგუმენტით, მან დებატების გადადება მოითხოვა.
"მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო და თქვენმა დიდმა ნაწილმა იცის, რომ ოთხ თვეში, ოქტომბრის ბოლოს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. შესაბამისად, ძალიან მოკლე დროა. ქვეყანა არის წინასაარჩევნო პერიოდში. ამიტომ, ამ დებატმა, შეიძლება, რაღაცნაირად, ხელი შეუშალოს სიტუაციას. მინდა გთხოვოთ, უბრალოდ ამოიღოთ თემა დღის წესრიგიდან," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.
რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ კოლეგებს მოუწოდა, რომ, ამ თხოვნის მიუხედავად, მხარი დაეჭირათ დებატებისთვის საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.
"ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი ასამბლეის გადასაწყვეტი არ არის, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა არჩევნებამდე 6 თვით ადრე მიიღეს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროსაბჭოს ყველა ღირებულებას. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ამაზე რეაგირება არ გვქონდეს. უბრალოდ, მინდა, ყველას ვთხოვო, მხარი დავუჭიროთ დებატებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ," - განაცხადა გონჩარენკომ.
საბოლოოდ, PACE-ში საქართველოს შესახებ დებატების გამართვას 116 დეპუტატიდან მხარი 92-მა დაუჭირა.