ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გუშინ საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. კვირის ბოლოს, წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საბჭოზე, პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით. ამ ყველაფერს თან სდევს უსაფუძვლოდ შექმნილი კითხვის ნიშნები საქართველოს ევროპულ კურსთან და მის მიმართ საქართველოს ხელისუფლების გულწრფელობასთან დაკავშირებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, საქართველოს არჩევანი არის ევროკავშირისკენ სვლა, იმიტომ რომ საქართველო არის ევროპის და ევროპული ფასეულობების განუყოფელი ნაწილი.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამტკიცებელი ნამდვილად არაფერი აქვს, მსურს კიდევ ერთხელ მკაფიოდ გავიმეორო, ის რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის და მისი ერთგული მხარდამჭერებისთვის არის მარტივი ჭეშმარიტება: საქართველოს არჩევანი არის ევროკავშირისკენ სვლა, იმიტომ რომ საქართველო არის ევროპის და ევროპული ფასეულობების განუყოფელი ნაწილი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ "ქართული ოცნების“ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია ევროკავშირთან 10-წლიანი წარმატებული ასოცირების პროცესი, რამაც ქვეყანას მოუტანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, გადატრიალებების და ომის გარეშე," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.