"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ოლექსი გონჩარენკოსთან და რამდენიმე ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს.
შესწორება რეზოლუციის საბოლოო რედაქციაში ვერ მოხვდა, მაგრამ თავად ფაქტს კრიტიკულად აფასებს "ქართული ოცნება".
"2 დღის განმავლობაში ჯერ საკომიტეტო მოსმენებზე, შემდეგ კი პლენარულ სხდომებზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს - ანა წითლიძესა და ლევან ბეჟაშვილს, ოდიოზური ყველასთვის ცნობილი ფიგურის - გონჩარენკოს მხარდაჭერითა და მისი უშუალო მონაწილეობით, ასევე ესტონელი და ლიეტუველი რამდენიმე დეპუტატის ჩართულობით ჰქონდათ მცდელობა, რომ რეზოლუციაში შეეტანათ ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შემდეგი სესიისთვის, თუკი უკუსვლას აქვს საქართველოს მხრიდან ადგილი, შესაძლოა დაწყებულიყო პროცედურები, რომელიც ერთობლივი პროცედურების სახელით არის ცნობილი, საქართველოს წევრობის საკითხის დაყენებასთან მიმართებაში.
მათი არაერთი მცდელობა სრული ფიასკოთი დამთავრდა. ოპოზიციის რადიკალური ფრთა, ამ მივლინებებს, როგორც ვხედავთ და ეს მათი საქმიდან ჩანს, ქვეყნის დისკრედიტაციისთვის, რეპუტაციის დასაზიანებლად და არასწორი ინფორმაციის მისაწოდებლად იყენებს," - აცხადებს გივი მიქანაძე.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა ოლექსი გონჩარენკოს კიდევ ერთ შესწორებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და რუსული გავლენების შესახებ ტექსტის ჩამატებას ითხოვდა.
გუშინ მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ. PACE ამ დოკუმენტით გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. თუ აქამდე თბილისში პოლიტიკური დისკუსიის საგანი დამტკიცებული რეზოლუციის შინაარსი იყო, დღეს ურთიერთბრალდებების საგანი ის შესწორებებია, რომლის ინციატორიც “ნაციონალური მოძრაობა“ იყო და რომელმაც ვერ მიიღო ასამბლეის მხარდაჭერა.