პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენას ოპოზიციის უმრავლესობა არ ესწრება. დარბაზში მხოლოდ "გირჩის" და "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატები რჩებიან.
"გირჩის" წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის კითხვა სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის შინაარსს ეხებოდა.
"მაინტერესებს განმიმარტოთ, რა ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა, რატომ არის ჩინეთი და ამერიკა? სტრატეგიული პარტნიორობის მახასიათებლები მინდა რომ ჩამომითვალოთ, რომ მომავალში პროგნოზირებადი იყოს, ვინ შეიძლება, გახდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ვინ - არ შეიძლება. ასევე, მაინტერესებს, ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა, კონკრეტულად, რას ნიშნავს, რა უნდა მოხდეს? ჩვენი მხრიდანაა რამე გასაკეთებელი, თუ ამერიკული მხარისგან გაქვთ მოლოდინები?" - განაცხადა მეგრელიშვილმა.
სხდომათა დარბაზი კითხვის დასმის შემდეგ დატოვა "რეფორმების ჯგუფის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.
"მაშინ, როცა ევროკავშირის კარი თავად ჩაკეტეთ, ისევე, როგორც NATO-სი და ამისთვის მხოლოდ კრემლი გაქებთ და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ქვეყნის 20%-ის გარეშე გთავაზობთ, ვის ინტერესებს ასრულებთ თქვენ, თუ არა კრემლის? ეს არის კითხვები, რაზეც თქვენ საჯაროდ უნდა უპასუხოთ, არა მე მიპასუხოთ, არამედ ხალხს. მე შევუერთდები ჩემი კოლეგებს," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდიას მხრიდან დარბაზის დატოვებაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ.
"ანუ, ტოვებთ დარბაზს, პასუხს არ მოისმენთ? პასუხზე შემოხვალთ? ცალკე კომედიაა, თქვენ რომ ხალხის სახელით ლაპარაკობთ ,"- მიმართა შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას.
კითხვები დაისვა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდანაც. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანის კითხვა ე.წ. შუა დერეფნის პერსპექტივას ეხებოდა.
"შუა დერეფანში", უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გადაზიდვები, დაახლოებით, 6-ჯერ გაიზარდა და 3.2 მილიონ ტონას აღწევს. ექსპერტების დასკვნებით, 2025 წლისთვის 10 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს ტვირთბრუნვის მოცულობა. რა პერსპექტივა აქვს ამ დერეფნის განვითარებას, შეიძლება თუ არა ავიდეს ეს ისეთ მაღალ მოცულობებზე, რომ აღარ ვითვალოთ მხოლოდ რამდენიმე მილიონი ტონა, არამედ 50-60 მილიონ ტონამდე და რეალური ალტერნატივა გახდეს ჩრდილოეთის სახმელეთო გზის?" - განაცხადა ბექა დავითულიანმა.