16 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
როცა ჩვენი პარტნიორები "ქართულ ოცნებას" უტარებდნენ ტრენინგს კარგი იყო, როცა ოპოზიციას ცუდია, ორმაგი სტანდარტი - პაატა მანჯგალაძე

ბორჯომში გამართულ შეხვედრასა და უმრავლესობის წევრების განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის მონაწილეობას ეხება, შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. საუბარია შეხვედრაზე, რომელიც UNDP georgia-ს მხარდაჭერით 29-30 ივნისს გაიმართა.   

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. 

"ეს არის სისულელე, თავის დროზე, როდესაც "ქართული ოცნება" შეიქმნა ამერიკული ფონდებით, მათ შორის NDI-ის და IRI-ის დახმარებით, უამრავი ტრენინგი ჩაუტარდათ. როცა "ქართულ ოცნებას" უტარებდნენ ჩვენი პარტნიორები ტრენინგს კარგი იყო, როცა ოპოზიციას - ცუდია. ორმაგი სტანდარტი ზოგადად ცუდია," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

შეხვედრისა და განცხადებების შესახებ შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

"რა მნიშვნელობა აქვს ეს იქნება დახმარება პოზიციისადმი თუ ოპოზიციისადმი. მათ ხომ საკუთარი ინტერესები აქვთ ამ სფეროში და ამას აფინანსებენ. ასეთი რაღაც საქართველოში ყოველთვის ბუნებრივი ამბავი იყო, ახლა ვიღაცამ თქვა, რომ არ შეიძლება უცხოელები ჩაერიონ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაშიო, თორემ ისინი ყოველთვის ერეოდნენ," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

საუბარია შეხვედრაზე, რომლის შესახებაც ფოტოები სოციალურ ქსელში "ახალის" წევრმა ანა გოგოლაძემ გაავრცელა. ის წერს, რომ პარტიის წევრმა ქალებმა, დასავლეთ საქართველოდან, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP georgia-ს მხარდაჭერით, 29-30 ივნისს, ბორჯომში, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს და იმუშავეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების საკითხებზე.

ცოტა ხნის წინ, UNDP-ის განცხადება გავრცელდა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი არ არის კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა ან დაფინანსება. ისინი მსგავს შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ იმ მიზნით რომ ტრენინგს მხარი დაუჭირონ.

 

 

დღის ამბები