16 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
სახელისუფლებო გუნდი ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულზე კითხვებს ისევ სვამს - NDI-ის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა გაეროზე საუბრობს

სახელისუფლებო გუნდი ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულზე კითხვებს ისევ სვამს - NDI-ის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა საუბრობს გაეროზე, რომლის მხარდაჭერითაც პარტია "ახალის" წევრების შეხვედრა გაიმართა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ეს ქართულ პოლიტიკაში უხეში ჩარევაა. მათივე თქმით, პოლიტიკაში უცხოური ფულის მონაწილეობა კანონმდებლობით აკრძალულია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ უცხოური ფული არ უნდა მონაწილეობდეს ქართულ პოლიტიკაში და გამჭვირვალობის კანონის მიღების ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის.

"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც უნდა მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი, ისიც არის, რომ უცხოური ფული არ უნდა მონაწილეობდეს ქართულ პოლიტიკაში. რაც ჩვენ დადასტურებულად გვაქვს უკვე NDI-ის შემთხვევაში, საელჩოების შემთხვევაში. ახლა უკვე გაეროს შემთხვევაში, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ ევროპულ საქართველოს, პარტია ახალს და ა.შ. პირდაპირი უცხოური ფული მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციურ პარტიებში. შესაბამისად, ქართული კანონმდებლობით აკრძალულია, არა მხოლოდ ქართული კანონმდებლობით, ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში აკრძალულია, რომ უცხოური ფული მონაწილეობდეს ეროვნულ პოლიტიკაში. შესაბამისად, აქ უკვე სამტკიცებელიც არაფერია, რომის უცხოური ძალები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, არის რეალური, რომ დაინტერესებულები არიან აქ უხეში ჩარევით ქართულ პოლიტიკაში. საზოგადოება ამას კარგად ხედავს და დარწმუნებული ვარ, რომ გაითვალისწინებს 26 ოქტომბერს,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით კი, ცხადია, რატომაც არ სურთ გამჭვირვალობა, რადგან სურვილი აქვთ, რომ კანონის დარღვევით რევოლუცია და პოლიტიკური მოძრაობები დააფინანსონ.

"დემონსტრაციულად უნდათ, რომ საქართველოში დემოკრატია იყოს ფეხქვეშ გათელილი, ანუ უცხოური ფულით მოხდეს საქართველოში პოლიტიკური პროცესების წარმართვა. ის უცხოური ორგანიზაცია პატივს არ სცემს არა მარტო საქართველოს კანონმდებლობას, თავის ქვეყნის კანონმდებლობასაც არ სცემს პატივს, იმიტომ, რომ მის ქვეყანაშიც აკრძალულია უცხოური ფულით რაიმე პოლიტიკური აქტივობის დაფინანსება და მონაწილეობა. ეს არის ორმაგი სტანდარტი, მათ განცხადებები არ ეზარებათ არაფერზე, მაგრამ განცხადებას არ აკეთებენ ამ საკითხზე. ნათელია, რატომაც არ უნდათ ელემენტარულად, გამჭვირვალობა ჰქონდეთ. ათასგვარი რევოლუცია და პოლიტიკური მოძრაობა უნდათ დააფინანსონ კანონის დარღვევით, მათივე საკუთარი კანონის დარღვევით. ამომრჩეველზე ამას ექნება ნეგატიური გავლენა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ინფორმაცია და შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში თავად "ახალის" წევრმა ანა გოგოლაძემ გაავრცელა. ის მიუთითებს, რომ პარტიის წევრმა ქალებმა დასავლეთ საქართველოდან, გაეროს განვითარების პროგრამის "იუ-ენ-დი-ფი ჯორჯიას" მხარდაჭერით, 29-30 ივნისს, ბორჯომში, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს და იმუშავეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების საკითხებზე. ანა გოგოლაძე გაეროს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"ქართული ოცნების" პროპაგანდა არის პირდაპირი - რომ აქ საერთაშორისო ორგანიზაციები ერევიან წინასაარჩევნო პროცესებში - ეს არის მტკნარი ტყუილი. "ქართულმა ოცნებამ" გაიხსენოს, მათ შორის, ქალთა ორგანიზაციამ გაიხსენოს, რამდენი გასვლითი შეხვედრა აქვს დაორგანიზებული საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით და დაფინანსებით.

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც წლებია თანამშრომლობს საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, გაიმართა შეხვედრა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის საკითხების შესახებ და ქალი ამომრჩევლების პოლიტიკური დაკვეთებისა და მათზე მორგებული პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ, რაც სჭირდება წინასაარჩევნოდ ქალ ამომრჩეველს, ამას ეხებოდა ჩვენი შეხვედრა," - განაცხადა ანა გოგოლაძემ.

 

დღის ამბები