"ეს იყო მინიმალური დაფასება, მადლიერების გამოხატვა სახელმწიფოს მხრიდან, რაც შეიძლებოდა ჩვენ გაგვეკეთებინა და მიხარია, რომ ბიჭებმა მიიღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საზეიმო დახვედრის ღონისძიების დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისივე თქმით, ეს ღონისძიება ფეხბურთელებისთვის დამატებითი სტიმული იქნება.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე აღინიშნა ეს უდიდესი წარმატება, რასაც ჩვენმა ნაკრებმა მიაღწია. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა ფეხბურთმა წინ გადადგა და, რა თქმა უნდა, ამას გაგრძელება სჭირდება. ეს აღნიშვნა დამატებით მუხტს მისცემს ჩვენს ბიჭებს იმისთვის, რომ მომავალში მიაღწიონ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს. ეს იყო მინიმალური დაფასება, მადლიერების გამოხატვა სახელმწიფოს მხრიდან, რაც შეიძლებოდა ჩვენ გაგვეკეთებინა და მიხარია, რომ ბიჭებმა მიიღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში გუშინ დაბრუნდნენ. მათ პატივსაცემად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა გაიმართა, რომელიც საზეიმო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
იქამდე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრების დამარცხება, ჯგუფიდან გასვლა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ასპარეზობა მოახერხა.