16 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
არანაირი დამოუკიდებელი, პოლიტიკისგან დაცლილი და დეპოლიტიზებული პროკურატურა არ გვყავს - პაატა მანჯგალაძე

საპროკურორო საბჭოში, რამდენიმე წუთში, მეორე კანდიდატის მოსმენა უნდა განახლდეს. ამჯერად, საბჭოს წევრების წინაშე იურისტი დავით ბარბაქაძე წარდგება. მანამდე, 3 საათი გრძელდებოდა ადვოკატ ვიქტორ ახალბედაშვილის მოსმენა. ის კანდიდატად "უფლებათა დაცვის ცენტრმა" წარადგინა.

საერთო ჯამში, სულ წარდგენილია 11 პირი. კანდიდატებს შორისაა ყოფილი გენ-პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიც. საბჭო, ფარული კენჭისყრით, 11-დან 3-ს შეარჩევს.

ამის შემდეგ, პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. სწორედ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთი.

მიმდინარე პროცესს აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, პროკურორად იმ კანდიდატს აირჩევენ, რომელიც "ქართულ ოცნებას" სურს.

"დაინიშნება ის, ვინც აწყობს "ქართულ ოცნებას" და ამაში საპროკურორო საბჭოს ოპოზიციის ნაწილი ხელს შეუწყობს. ეს პროცესი ბევრჯერ გვინახავს პარლამენტში. ამჯერადაც, ეს პროცესი დაორგანიზდება ისე, როგორც "ქართულ ოცნებას" სურს, რადგან დღეს ის ფლობს ამ ერთპიროვნულ შესაძლებლობას", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პროკურატურა პოლიტიზებულია და მმართველი გუნდი ამ უწყებას ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს.

"ვნახეთ ასეთი გასაუბრებები - ვითომ, დემოკრატიის ზეიმი. მაგალითად, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებად, დიდი კონკურსისა და გასაუბრებების შემდეგ, შეარჩია ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც უკვე მოქმედი თავმჯდომარე და წევრები არიან. აი, ასეთი კონკურსი ჩატარდება ახლაც. არანაირი დამოუკიდებელი, პოლიტიკისგან დაცლილი, დეპოლიტიზებული პროკურატურა არ გვყავს, პირიქით - ამ პროკურატურას გამოიყენებენ ოპონენტების წინააღმდეგ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები