16 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
როდესაც კარგი საქმის გამო გაძლევენ საჩუქარს, მადლობა არის ზრდილობის საკითხი - პაატა მანჯგალაძე ფეხბურთელების ბულინგის მცდელობაზე

ფეხბურთელების ბულინგის მცდელობა სოციალურ ქსელში. ნაკრების წევრებმა, რომლებმაც ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარი მიიღეს, ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუს" მადლობა გადაუხადეს. სწორედ მადლობის გამო აკრიტიკებს მათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, არასამთავრობოების და მათი მხარდამჭერი აქტივისტების ნაწილი.

"ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს "მოღალატეებად" იქცნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაცების" სულისკვეთება არ გაიზიარეს", - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება.

უმრავლესობა, "ნაციონალური მოძრაობის" მიმდევართა კამპანიაზე საუბრობს და თვლის, რომ ფეხბურთში წარმატების ეიფორიამ, გარეთ გამოიტანა ყველა ის დამალული თვისება, რომლის დაფარვასაც ისინი ცდილობენ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, როდესაც კარგი საქმის გამო საჩუქარს გაძლევენ, მადლობის გადახდა ზრდილობის საკითხია.

"ბუნებრივად მივიღე, როდესაც კარგი საქმის გამო გაძლევენ საჩუქარს, მადლობა არის ზრდილობის საკითხი. მე არ ვფიქრობ, რომ ამით რამე შეიცვალა, ან რამე კავშირშია ბიჭების შეფასებებთან, ან მომავალში მათ პოლიტიკურ გემოვნებასთან. ეს ხომ არ არის ყიდვისთვის გადახდილი თანხა. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ბიჭებს იმ საქმის გამო, რომ ქვეყანა ასახელეს, კონკრეტულმა ადამიანმა გაუკეთა საჩუქარი. გამოვართვათ და კარგი საქმეები გავაგრძელოთ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ფეხბურთელების მხრიდან მადლობის გადახდა სწორი საქციელი იყო და არ შეიძლება ამის გამო ვინმემ ვინმე დააბულინგოს.

"არა თუ პრობლემას არ ვხედავ მადლობის გადახდაში, მიმაჩნია, რომ სწორია. მეც ასე მოვიქცეოდი. ცუდს უნდა დაერქვას ცუდი და კარგს უნდა დაერქვას კარგი. როდესაც, რაღაც კონკრეტული ქმედება არ არის დასაგმობი, რა თქმა უნდა, ჩვენ იმას არ დავგმობთ. საჩუქრისთვის გადახდილი მადლობა ეს არის სწორი, კარგი საქციელი და როგორ შეიძლება ამის გამო, ვინმემ ვინმე დააბულინგოს. ძალიან სწორად და კარგად მოიქცნენ, ეს ყველაფერი დასაფასებელია და ჩვენ, კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებთ, რომ ამ ბიჭებს თავი დაანებონ., არ შეიძლება, რომ მათ ყველა ნათქვამ სიტყვას, განხორციელებული ქმედებას მისცე პოლიტიკური ელფერი და გადაიყვანო პოლიტიკურ განზომილებაში", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები