რა კონფიგურაციით წარდგება ოპოზიცია არჩევნებზე? - დღეს ცნობილი უნდა გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" გეგმა, პარტია საღამოს ყრილობას გამართავს. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა დეტალები, ვინ აპირებს 5 ნომრით მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში.
პარალელურად, ცნობილია, რომ არჩევნებისთვის გაერთიანებას გეგმავს 4 პოლიტიკური ძალა - "ახალი", "ლელო", ზურა ჯაფარიძის "გირჩი" და ელენე ხოშტარიას "დროა". მსურველებს ეპატიჟებიან "ნაციონალებიც", თუმცა, მათთან ალიანსში ამ ეტაპზე მხოლოდ, "სტრატეგია აღმაშენებელია".
არც ერთ მათგანთან თანამშრომლობას არ აპირებს გახარიას გუნდი და "გირჩი". სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციის გაერთიანების გეგმას მმართველ გუნდშიც.
როგორც "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, კვლევის მიხედვით, "ევროპული საქართველოს", "ახალის" და "ლელოს" გაერთიანებას საუკეთესო სინერგია ჰქონდა, თუმცა მოპალარაკებები ვერ შედგა, რადგან ამ პარტიის წარმომადგენლები დუმილს ირჩევენ.
"კვლევამ გვაჩვენა, რომ საუკეთესო სინერგია ჰქონდა "ევროპული საქართველოს", "ახალის" და "ლელოს" გაერთიანებას, რომელიც 2,5%-ით მეტ შედეგს დებდა, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი. ჩვენ, ამ კვლევის შედეგების გაცნობამდე და მის შემდეგ, როგორც საჯაროდ, ასევე არასაჯაროდ მივმართეთ ამ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობას. საწყისი კომუნიკაციის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენ ამ პარტიების ლიდერებისგან მხოლოდ დუმილი გვესმის. ფაქტია, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ამ გაერთიანების იყო და არის, მკაფიო დისტანცირება, გამიჯვნა და დაგმობა იმისი, რასაც ჩვენ ვხედავთ სააკაშვილ-კეზერაშვილის ალიანსში. ვგულისხმობ: ბელადომანიას, კერპთაყვანისმცემლობას, რომელიც "ქართული ოცნების" სტილს ჰგავს და ჩრდილოვანი, ოლიგარქიული მმართველობის მცდელობას. ეს არის მიზეზი, რომელიმე პოლიტიკური პარტიების ლიდერების ეგოები, თუ ორივე მიზეზი ერთად, ჩვენ სრულ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია მათი მხრიდან, მხოლოდ სატელევიზიო განცხადებების გაკეთება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღევანდელ ყრილობაზე სიახლეები იქნება და მათი მიზანია, საერთო ფრონტის შექმნას შეუწყონ ხელი.
"მესმის, რომ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევა მთავარი ოპოზიციური გაერთიანება იმ არჩევნებში, რომელიც რეფერენდუმად აქცია ივანიშვილმა ევროპასა და რუსეთ შორის. ბუნებრივია, გარკვეული სიახლე თავად ღონისძიებას უნდა ახლდეს, ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გვექნება მნიშვნელოვანი სიახლეები და რაც მთავარია, ჩვენი მიზანი არის საერთო ფრონტის შექმნას შევუწყოთ ხელი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.