06 ოქტომბერი 2024,   13:34
ვრცლად
საბურთალოზე უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობა იანვარში უნდა დასრულდეს

საბურთალოზე უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. გვირაბი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, გასასვლელი კი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც ქავთარაძესთან არის დაკავშირებული.

პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარები მოეწყობა. ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, დამონტაჟდება LED სანათები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და რკინა-ბეტონის დამცავი კედლები გვირაბის გასწვრივ.

გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით. პროექტს, რომელიც იანვარში დასრულდება, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 12 მილიონი ლარი. 

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. დღეს ნაკადები ძირითადად, უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით მიდის, როდესაც ბაგებიდან და წყნეთიდან მოდიან ავტომობილები. განტვირთვის აღნიშნული პროექტი ძალიან მაგარია. პირდაპირ არის შესაძლებელი დაკავშირება ქავთარაძის ქუჩასთან, იმისთვის, რომ ნაკადები გადავანაწილოთ. სამუშაოები მომავალი წლის იანვარში მთლიანად დასრულებული იქნება. პირველ მონაკვეთზე გვირაბი გაკეთდება, რომელიც შავიშვილის ქუჩას გაივლის და ქავთარაძის ქუჩას დაუკავშირდება." - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

დღის ამბები