16 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
"ის, რომ ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციებით არ უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკის შექმნაში, არის ტყუილი და არასწორი" - ლევან ცუცქირიძე

პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა "ფრანკლინის კლუბის" თანადამფუძნებლის განცხადება.

"ჩვენ ოპოზიციას მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო შევუწყვეთ ხელი, ახლა უკვე მათი ჯერია" - აცხადებს ალექსანდრე ზიბზიბაძე ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში და ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს რომ მიეღოთ გადაწყვეტილება არჩევნებზე ერთად გავიდნენ, ცალ-ცალკე, თუ ბლოკებად, ამაშიც ჩართული იყო სამოქალაქო საზოგადოება. 

შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებში - ნაწილის განცხადებით, ის მოსაზრება, რომ ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციებით არ უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკის შექმნაში, არასწორია.

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან მონაწილეობდა პოლიტიკის შემოქმედებაში, ეს არის წერა-კითხვის გამავრცელებელი ორგანიზაცია. ის, რომ სამოქალაქო სექტორი, ის, რომ ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციებით არ უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკის შექმნაში - არის ტყუილი და არასწორი", - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "თავისუფლების მოედანი" დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე.

ოპოზიციის მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორში არის ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც სამოქალაქო სექტორიდან გააგრძელებს ქვეყნის უკეთესი და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.

"ამ ქვეყანაში პროდასავლური საზოგადოება აერთიანებს როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე სამოქალაქო სექტორს, აქტივისტებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და უამრავ ადამიანს. ეს პროდასავლური საზოგადოება არის ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. რამდენიც არ უნდა ეცადონ, რომ ახლა სამოქალაქო სექტორს მიაყენონ ჩრდილი, სამოქალაქო სექტორში არის ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც სამოქალაქო სექტორიდან გააგრძელებს ალბათ ამ ქვეყანაში უკეთესი მომავლისთვის და ევროპული პერსპექტივისთვის ბრძოლას,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქციის ”ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის” თავმჯდომარე საბა ბუაძე.

"ფრანკლინის კლუბი"“ თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ მათ მაქსიმუმი გააკეთეს, რაც შეეძლოთ და ახლა უკვე ოპოზიციის ჯერია.

დღის ამბები