16 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
შეუქცევადად მიმდინარეობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დაზიანება, რაც არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო - თეონა აქუბარდია

ევროკავშირის გადაწყვეტილებას გაყინოს 30 მილიონი ევრო, რომლის გადმორიცხვაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, ოპოზიციაში შეფასებები მოჰყვა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, ერთადერთი გამოსავალი 26 ოქტომბრის არჩევნები და ხელისუფლების ცვლილებაა.

"შეუქცევადად მიმდინარეობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დაზიანება, რაც არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, იქნებოდა ეს ევროკავშირის თუ ნატოს წევრი ქვეყნების, ქართულმა ოცნებამ მაინც მიიღო რუსული კანონი," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ არჩევნების და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვითარება შეიცვლება.

"ხდება ამ დახმარების ან გაყინვა, ან შეკვეცა, იმიტომ რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ევროატლანტიკურ მომავალს. ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი ხელისუფლების ცვლილება 26 ოქტომბრის არჩევნებზე და მე ვამბობ ამას სრული პასუხისმგებლობით, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ჩვენ არა მხოლოდ აღვადგენთ ამ დაფინანსებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, არამედ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ დასავლელი მეგობრები, რომლებიც გვერდში უდგანან საქართველოს, დაეხმარებიან მედიას და არასამთავრობო სექტორს იმისთვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატია.

"ხელისუფლება თავს ესხმის, როგორც არასამთავრობო სექტორს, ისე მედიას და ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში, ჩვენი მეგობრები, რომლებიც ამ ქვეყანას გვერდში უდგანან, დაეხმარებიან მედიას და არასამთავრობო სექტორს იმისთვის, რომ გაძლიერდეს ამ ქვეყანაში დემოკრატია. ჩვენ თუ ვსაუბრობთ, რომ გვინდა დემოკრატიული და ევროპული მომავალი, ასეთ ქვეყანაში ძლიერი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ინფორმაციით, ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდასაჭერად.

 

 

 

დღის ამბები