საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე და ამასთან დაკავშირებით, გერმანიის ელჩის განცახდებასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება ოპოზიციაში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ უკვე ჩანს, პარტნიორები სისტემურად იწყებენ ურთიერთობების გადახედვას საქართველოსთან მიმართებით.
"ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისგან უკვე ტენდენცია გახდა ის, თუ როგორ აფასებენ ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. მეორე, როგორც ჩანს, ეს ძალიან სამწუხაროა და ძალიან დიდი რისკების შემცველია ის ფაქტი, რომ როგორც ჩანს, ისინი უკვე მასშტაბურად და სისტემურად იწყებენ ურთიერთობების გადახედვას საქართველოსთან მიმართებით", - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ურთიერთობები არის ორმხრივი და თუკი ერთი მხარე არ ასრულებს ვალდებულებებს, მეორე მხრიდანაც ამას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.
"ურთიერთობები, ვალდებულებები არის ორმხრივი. თუ შენ არ ასრულებ ვალდებულებებს, თუ შენ იმ ორგანიზაციაში, რომლის წევრობაც გინდა, არის პირობები და არც ერთ პირობას არ ასრულებ, პირიქით, არღვევ, ევროკავშირს თავს ესხმი, შესაბამისად, მეორე მხრიდანაც იქნება შესაბამისი ადეკვატური რეაქციები. ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოთი, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო დაინტერესებული ვართ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.