ჩვენი წუხილია, რომ აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოში თანხები იხარჯებოდეს გამჭვირვალედ და მეორე, რომ ამერიკის ხელისუფლებამ გააკონტროლოს, რომ ეს ფული არ წავიდეს პოლიტიკური პარტიებისა და რადიკალური ჯგუფების ყულაბაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეზრა ზეიას საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.
"რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტს საქართველოში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მას სხვადასხვა თემა ჰქონდა სასაუბროდ. ჩვენი წუხილიც არის და ჩვენი საზოგადოების წუხილიც არის, აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოში ფულის ხარჯვა, რომელიც ჩვენ ვხედავთ, რომ, რიგ შემთხვევაში, მიდის პოლიტიკური პარტიების ყულაბაში და ასევე, რიგ შემთხვევაში მიდის სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფში. მე არაერთხელ მიხსენებია, მათ შორის, ამერიკის ნაციონალური დემოკრატიული ფონდის "ნედ-ის" მხრიდან პოლიტიკური როგორებისაა დაფინანსება, ყალბი ენჯეოსტრუქტურების გამოყენებით, კანონის გარკვეული ხარვეზების გამოყენებით და გვერდის ავლით. ამიტომ, ეს ჩვენი წუხილია, რომ, ამ მხრივ, აშშ -ის ბიუჯეტიდან საქართველოში თანხები იხარჯებოდეს გამჭვირვალედ და მეორე, რომ ამერიკის ხელისუფლებამ გააკონტროლოს, რომ ეს ფული არ წავიდეს პოლიტიკური პარტიების და რადიკალური ჯგუფების ყულაბაში, რაც, სამწუხაროდ, ვიცით, რომ დღეს ხდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.