ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის საქართველოში ვიზიტს, ოპოზიციაში აფასებენ.
"ბუნებრივია, მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, რამაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში ცვლილება გამოიწვია. მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეერთებულ შტატებში, დამატებითი ფინანსური დახმარება, გაღრმავებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თუმცა, ნაცვლად ამისა, შეერთებული შტატები იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ,"- აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.
პარტია "ლელოში" კი აცხადებენ, რომ ეზრა ზეიამ, ვიზიტის ფარგლებში მკაფიო გზავნილები გააკეთა:
"პასუხისმგებლობა არის ჩვენი ხელისუფლების მხარეს, რომელსაც ჩვენი მეგობრები ეუბნებიან, რომ დაგვეხმარეთ, რათა ჩვენც დაგეხმაროთო. ამის ნაცვლად, იღებენ ანტი-დასავლურ რიტორიკას და შეთქმულების თეორიებს მათი მისამართით. ამიტომ, ცხადია მკაფიო იქნებოდა მათი გზავნილები,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საპარლამენტო მდივანი ლანა გალდავა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არასამთავრობო სექტორის ნაწილს, საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერებს, ასევე პრეზიდენტს შეხვდა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოს დღეს ბევრად განვითარებული დემოკრატია აქვს და ქვეყანა ყველა მიმართულებით უფრო ძლიერი და ევროპულია, რასაც პარტნიორების მხრიდან ობიექტური შეფასება სჭირდება.