"დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა" - ასეთია გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა. უწყების ინფორმაციით, რამე იდეოლოგიური კავშირი თავდასხმასთან ჯერ არ გამოვლენილა. გამოძიება გრძელდება მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თუმცა მომხდარი განიხილება, როგორც პოტენციური შიდა ტერორისტული თავდასხმაც.
თავად დონალდ ტრამპი კი საპრეზიდენტო კამპანიის გაგრძელებას თავდასხმის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად აპირებს. თავდაპირველად, ყოფილი პრეზიდენტი ვისკონსინის შტატში დაგეგმილი ვიზიტის რამდენიმე დღით გადადებას აპირებდა, თუმცა, მოგვიანებით, გადაიფიქრა და ის ამჟამად უკვე მილუოკიშია - სწორედ აქ მიმდინარე კვირას "რესპუბლიკელების" ეროვნული ყრილობა შედგება და ტრამპს პარტიის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ.
პენსილვანიაში მომხდარი ინციდენტის დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების განკარგულება გასცა ჯო ბაიდენმა. პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს ოვალური კაბინეტიდან მიმართა. მისი თქმით, პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევის დროა.
"ჩემო თანამემამულე ამერიკელები, მინდა გესაუბროთ იმაზე, რომ ახლა საჭიროა ჩვენს პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ მეზობლები, მეგობრები, თანამშრომლები და მოქალაქეები ვართ. რაც მთავარია, ჩვენ ამერიკელები ვართ და ერთად უნდა დავდგეთ.
პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შემდეგ, საჭიროა, ყველამ უკან გადადგას ნაბიჯი. გავიაზროთ სად ვართ, და წინ აქედან როგორ მივდივართ. საბედნიეროდ ტრამპი სერიოზულად არ დაშავებულა. მე მას ვესაუბრე, მადლობელი ვარ რომ ის კარგად არის.
უთანხმოება ამერიკულ დემოკრატიაში გარდაუვალია. ეს ადამიანის ბუნების ნაწილია, მაგრამ პოლიტიკა არასოდეს არ უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ან მკვლელობის ველი.
ამერიკაში მსგავსი ან ნებისმიერი სახის ძალადობის ადგილი არ არის. არანაირი გამონაკლისი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ძალადობის ნორმალიზება," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ესროლეს. ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ტრამპზე თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია, რომელიც ოფიციალური პირების ინფორმაციით, განეიტრალებულია.