"მათ თუ დავუჯერებთ, ეს ყველაფერ შემთხვევითობაა - ფიცოს ესროლა ვიღაც პენსიონერმა, ტრამპს ესროლა ვიღაც თინეიჯერმა და ა.შ. სინამდვილეში ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ეს ერთი ხელწერაა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ტრამპზე თავდამსხმელიც ახალგაზრდა იყო, რადგან ახალგაზრდებს მიზანმიმართულად იყენებენ რადიკალური მიზნებისთვის.
პაპუაშვილის განცხადებით, დღემდე არცერთი დასავლელი თუ ევროპელი პოლიტიკოსი, ან დიპლომატი არ გამიჯვნია იმ სიძულვილის კამპანიებს, რაც საქართველოში უცხოური წყაროებით დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციების მიერ იყო წარმოებული.
"შეუძლიათ ეს ქვეყანა გაწირონ ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ. ვნახეთ, ყველა ცდილობს დააკნინოს ამ შემთხვევის მნიშვნელობა. ლიბერალური ფაშიზმი რაც საქართველოში უცხოური დაფინანსებით ზოგიერთი ჯგუფებისგან ინერგება, აქეთკენ მიდის. ზუსტად ასე შეაჩეჩეს „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთ-ერთ ახალგაზრდას და პოლიციელი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. ყველას შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს ადამიანი შეიწყალა. ახლა რომ ფარისევლურად გამოთქვამს წუხილს ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით, მან შეიწყალა ადამიანი, რომელმაც პოლიციელს ცეცხლი წაუკიდა და სიკვდილისთვის სწირავდა. საქართველოს ისტორიაში პირველად „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს პოლიციელს და ვნახეთ, რომ ეს ადამიანი, რომელიც ძალადობაში არაერთხელ იყო მხილებული, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ეს არის ტენდენცია, მიდგომა, რომელიც ამ ჯგუფებს აქვთ, რომლებიც ძალადობისკენ უბიძგებენ ადამიანებს. შემთხვევით არ არის, რომ ტრამპზე მსროლელიც ახალგაზრდა იყო, ცდილობენ ახალგაზრდების გამოყენებას რადიკალური ქმედებებისთვის. ამ შემთხვევის შემდეგ მაინც იქნებ რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი, დიპლომატი გამოჩნდეს და ბოლო-ბოლო გაემიჯნონ იმ ძალადობას, მუქარას, ზიზღის ენას, რომლებიც მომდინარეობს იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც უცხოური წყაროებისგან ფინანსდებიან. ჩვენ ამას ვაკვირდებით და ამიტომაც ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანი იყო, რომ დონორები, რომლებიც ასეთ ორგანიზაციებთან კავშირში იყვნენ, გამიჯვნოდნენ ამას, ლიბერალური ფაშისტურ კამპანიებს. სამწუხაროდ დღემდე ვერ ვნახეთ ვერცერთი ევროპელი ელჩი, რომელიც მაგალითად გაემიჯნებოდა „ჯემნისუსის“ თანამშრომლის მიერ 84 ტყვიით დამუქრებას პარლამენტის წევრებისადმი. არადა ეს ორგანიზაცია ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. დღემდე ვერ ვნახეთ გამიჯვნა ვერცერთი პოლიტიკოსის თუ დიპლომატის, როდესაც ორგანიზაცია „გრასის“ თანამშრომელი მიუვარდა პარლამენტის წევრს და მის ოჯახს და ნახეთ რომ ის ხულიგნობაში ცნეს დამნაშავედ. არცერთი ევროპელი თუ დასავლელი პოლიტიკოსი არ გამიჯვნია ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლების მხრიდან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების პირადი სატელეფონო ნომრების გასაჯაროებას და შემდეგ მათთან და მათი ოჯახების წევრებთან დარეკვას და მუქარას და ზეწოლას მათ მიმართ. რა თქმა უნდა ეს არის ევროპული ღირებულებებისგან აცდენა და მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ პოლიტიკოსები და დიპლომატები დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს, ვინაიდან წაყრუება ამ სიძულვილის, ზეწოლის კამპანიის მიმართ, არის წახალისება," - აღნიშნა პაპუაშვილმა.