გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის გუნდების შესაძლო ერთობა, ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია.
"ქართულ ოცნებაში" ორი პარტიის ლიდერის წარსულში გაკეთებული განცხადებები გაიხსენეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს ოპოზიციაში, ამ კონფიგურაციას მათ გარედან ულაგებენ:
"კოალიციები შეკრეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მერე, როცა პირდაპირ ეთერში ორივე ისხდნენ, ერთი ამბობდა თქვენთან არ ვართო და მეორე ეუბნებოდა როგორ არა, ჩვენთან ხართო. ასე ნაჩხუბარი ცოლ-ქმარივით არიან ხოლმე. მათ ამ კონფიგურაციას ულაგებენ გარედან. გუშინ რომ ერთმანეთზე იყვნენ გადაკიდებულები დღეს ერთმანეთთან სხდებიან, რადგანაც მათ ასე უთხრეს და მოქმედებენ ინსტრუქციის მიხედვით. ასეთ ინსტრუქციებს მიიღებდნენ ორი წლის წინ, რომ საქართველოს სანქციები უნდა დაეწესებინა და მოხალისეები გაეგზავნა, ამით უნდა შევსულიყავით ესკალაციაში, ანუ ამით შევსულიყავით ომში. ოპოზიციის ნებისმიერი ანასხლეტი მაშინ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველო 2022 წლის მარტში თავქუდიანად შევარდებოდა ომში,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მუშაობს რათა "ლელო" განაცებისგან გადაარჩინონ. მან ამ მისიას ჩვეულებრივი პრაგმატული პოლიტიკური ინტერესი უწოდა. დღეს ლიდერის განცხადებაზე დამატებითი განმარტება გაკეთდა პარტიაში "საქართველოსთვის". რაც შეეხება ლელოს პოზიციას, მამუკა ხაზარაძის გუნდში აცხადებენ, რომ გახარიასთან კონსულტაციები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა მოლაპარაკება შესაძლებელია ყველა პროდასავლურ პარტიასთან.