პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილის არჩევას, ოპოზიციაში ეხმაურებიან. "გირჩში" აცხადებენ, რომ ამ მოწვევის პარლამენტს, რომელსაც უფლებამოსილების ვადად 2 თვე დარჩა, გენერალური პროკურორი არ უნდა არჩია.
"საერთოდ არ უნდა აგვერჩია ახლა მთავარი პროკურორი. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ 6 წელი უნდა გვყავდეს გენერალური პროკურორი, რომელიც ამ პარლამენტმა აირჩია, რომელსაც 2 თვე დარჩა უფლებამოსილება. შემდეგ, როცა ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნება, ლეგიტიმაციის პრობლემა შეიძლება შეექმნას, უბრალოდ არ იქნება თანხვედრაში პოლიტიკასთან, რომელიც შესაძლოა პარლამენტმა აირჩიოს განსახორციელებლად.
11 წელი ადამიანი გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. გასაგებია, რომ ამ სისტემის ნაწილია და რაც ახლა ხდება პროკურატურაში, იმასთან პრობლემა არ აქვს.
ზოგადად მე პროკურატურის მუშაობით კმაყოფილი არ ვარ. ჩემი აზრით, სრულიად სხვა სისტემა უნდა იყოს," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, ის მიიჩნევს, რომ გაბიტაშვილი არა არჩეული, არამედ დანიშნული გენერალური პროკურორია.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურორად პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილი დაამტკიცა. მის კანდიდატურას დეპუტატებმა კენჭი დღეს, რიგგარეშე სხდომაზე უყარეს. 80 ხმით ნულის წინააღმდეგ პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილი გენერალურ პროკურორად 6 წლის აირჩია.