პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიაზე განიხილავს, ჰუმანური აქტია.
მისივე თქმით, ამნისტია ძალიან ბევრ ადამიანს შეეხება.
"ამნისტიის კანონი არის ის ჰუმანური აქტი, რომელიც პარლამენტის წიაღში მზადდება. კანონპროექტი არის მომზადების ეტაპზე, მალე განხილვის ეტაპზე გადავდივართ. საზოგადოება კიდევ უფრო მეტ დეტალებში გაიგებს. ძალიან ბევრ ადამიანს შეეხება ამნისტიის საკითხი. ზოგს სრულად, ზოგს - ნაწილობრივ. ამნისტია არ ეხება კონკრეტულ პირს, ეხება კონკრეტულ მუხლს და მუხლის მიხედვით ხდება გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, არ უკვირს, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და კანონთან დაკავშირებით, არგუმენტირებულ მსჯელობაში არ შედიან.
"გასაკვირი იქნებოდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს რამენაირად მხარი დაეჭირათ და არგუმენტირებულ მსჯელობაში შემოსულიყვნენ. რა თქმა უნდა, ისინი ბოიკოტში არიან, როგორც დაზარალებულების, ასევე მსჯავრდებული ადამიანების მიმართ. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოდგენილი არის ამნისტიის პროექტი, რომელიც დაბალანსებულია და მიზნად ისახავს, მსჯავრდებულთა რაოდენობა ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს. ეს არის ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც მოჰყვება სხვა პოლიტიკის დახვეწის ნაბიჯები", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.