16 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
სახეზეა პოლიტიკური ელიტების კრიზისი, ვიმედოვნებ, გამაოგნებელი რიტორიკა საქართველოს მიმართ მალე დასრულდება და მსოფლიო დღის წესრიგი რაციონალურ ჩარჩოებში დაბრუნდება - შალვა პაპუაშვილი

სახეზეა პოლიტიკური ელიტების კრიზისი. ვიმედოვნებ, საქართველოს მისამართით გამაოგნებელი რიტორიკა მალე დასრულდება და მსოფლიო დღის წესრიგი რაციონალურ ჩარჩოებში დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, თვალს ადევნებს, რა ხდება ევროპარლამენტში; ასევე თვალს ადევნებს აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიას, რადიკალიზაციის ზოგად ტენდენციებს მთელი ევროპის მასშტაბით.

„საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრს ეძლევა პრივილეგია, იდგეს საარჩევნო ურნასთან. საპარლამენტო ტრადიცია და კოლეგიალური ეთიკაა, რომ ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ დეპუტატები ურნის მცველს ხელს ართმევენ. ამჯერად ეს პატივი ლე პენის პარტიის 22 წლის დეპუტატს ერგო. მოწინააღმდეგე ფლანგის წარმომადგენლებმა მას ხელი არ ჩამოართვეს.

ამ სცენასთან ერთად, ვუყურებ გუშინ ევროპარლამენტში მომხდარ აყალმაყალს, აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის პერიპეტიებს, საფრანგეთის საპარლამენტო წინასაარჩევნო რიტორიკას, რადიკალიზაციის ზოგად ტენდენციებს მთელი ევროპის მასშტაბით და მახსენდება უცხოელი პოლიტიკოსების, ბიუროკრატების, დიპლომატების მიერ ქართული „პოლარიზაციის“ და „მკაცრი რიტორიკის“ კრიტიკის ტონი, რომელიც თავს არასრულფასოვან, შეუმდგარ საზოგადოებად გვაგრძნობინებს. მსუბუქად რომ ვთქვათ, ბიბლიური ანდაზისა არ იყოს, კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდა, სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევდაო. უფრო ღრმად თუ განვსჯით, სახეზეა პოლიტიკური ელიტების კრიზისი, რაც ძალზე სამწუხარო მოვლენაა. იმედს ვიტოვებ, საქართველოს მისამართით, მათ შორის, ამ კრიზისით განპირობებული გამაოგნებელი რიტორიკა მალე დასრულდება და მსოფლიო დღის წესრიგი რაციონალურ ჩარჩოებში დაბრუნდება“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

დღის ამბები