16 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
"ქართულ ოცნებასაც" ხშირად იწვევენ მსგავს ღონისძიებებზე, დანარჩენი "ოცნების" მხრიდან პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილია - ირაკლი კუპრაძე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" რეგიონებში შეხვედრებს მართავს, რომელშიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

იმერეთისა და სამეგრელოს შემდეგ, შეხვედრა აჭარაში ჩატარდა, რომელშიც "ლელოს" წევრი, გიორგი უშიკიშვილი, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია მონაწილეობდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი საუბრობენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, გამჭვირვალობის კანონზე, ქვეყნის ევროპულ მომავალსა და არჩევნების მნიშვნელობაზე.

მმართველი გუნდისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან და წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი.

საკითხზე კომენტარი გააკეთა "ლელოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ და აღნიშნა, რომ მსგავს ღონისძიებებში "ქართული ოცნების" წევრებსაც იწვევენ, ხოლო მათი პოზიცია პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია.

"სადაც საუბრობენ საქართველოს ევროინტეგრაციასა და ევროპულ მომავალზე, იქ გიორგი უშიკიშვილი ყოველთვის იქნება, როგორც ჩვენი გუნდის წევრი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შინაარსი არის ღირებული და მნიშვნელოვანი - სამოქალაქო ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტიტუტები წარმოადგენენ საზოგადოებრივი, პოლიტიკური ღირებულებებისა და შინაარსს ორგანიზაციებს, ამიტომაც აქვთ მათ რეგისტრაციის განსხვავებული ფორმები. "ქართული ოცნება" ამ პროცესის თანამონაწილეა - მათაც ძალიან ხშირად იწვევენ მსგავს ღონისძიებებზე და დანარჩენი უკვე "ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილია," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები