"ლატვიის პრეზიდენტს თუ რაიმე ადარდებს, ის აღნიშნოს, საკუთარი ქვეყანა რატომ არის რუსეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.
"გვახსოვს, როცა ეს ადამიანი საქართველოს ომში ჩართვისკენ და რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდა. შესაბამისად, ამ ადამიანის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. თუ მას რაიმე ადარდებს, პირველ რიგში, ის აღნიშნოს, საკუთარი ქვეყანა რატომ არის რუსეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. თუ ეს დისკომფორტს არ უქმნის, კიდევ უარესი მისთვის. ეს ადამიანი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა მაშინ, როცა ამის უფლება არ გააჩნია. ასეთი განცხადებების კეთება გააგრძელონ, მით უკეთესია, საზოგადოება მათ კიდევ უფრო ძლიერ "არას" ეტყვის", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა, "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ: " საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, "უცხოეთის აგენტების" კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუ ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა".