16 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
"ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, ეს ყველაფერი ემსგავსება ერთადერთ რამეს - დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული ხაზი" - მიხეილ დაუშვილი სუს-ის გამოძიებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა - ოპოზიციის წარმომადგენლები, აღნიშნულთან დაკავშირებით, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობენ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, მსგავსი ტიპის საკითხზე საუბარი არასერიოზულია. მისივე თქმით, ქვეყანაშ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს.

"პირველი - ძალიან არასერიოზულია ეს განცხადებები. მეორე - დღეს საქართველოში არის კატასტროფულად ძვირი ფასები, საშინელი უმუშევრობა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა "ქართულმა ოცნებამ." ეს არის მთავარი, რაზეც უნდა ვისაუბროთ. ეს არჩევნები არის წყალგამყოფი, ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდებით თუ არაა და ამ ტყუილებს იგნორირება, იგნორირება და იგნორირება [სჭირდება]. მათ სისულელეებს ჩვენ არ უნდა ავყვეთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდს, პარტია "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის შეფასებით, მსგავსი მუხლით, გამოძიება არაერთხელ დაწყებულა, თუმცა, შედეგი არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა.

"ასეთი შეთქმულების თეორია ბევრი ვნახეთ და ვერსად ვნახეთ შედეგი. ვერსად ვნახეთ გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი საქმე. ამიტომ, ყველა ასეთ განცხადებას, იმისთვის, რომ მათ ნდობა მოიპოვონ, სჭირდება ფაქტები და მტკიცებულებები. ამის გარეშე, ეს განცხადება არის მორიგი განცხადება, რომელსაც საზოგადოების ნდობა ვერ ექნება. ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, ეს ყველაფერი ემსგავსება ერთადერთ რამეს - მათ დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული ხაზი," - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადება ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით - საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. გამოკითხვაზე დაბარებულია კიდევ რამდენიმე პირი. სუს-ის ინფორმაციით, უწყება იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

დღის ამბები