16 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
ეს არ არის პირველი შემთხვევა საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის, ორსვლიანი სვლებით საკმარისია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ - ირაკლი ქადაგიშვილი სუსის გამოძიებაზე

რატომ მალავდნენ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში გამოკითხული პირები და მათი ადვოკატები, რამდენიმე დღის განმავლობაში, ინფორმაციას, რომ საქმე ტერორიზმის მუხლითაც იყო აღძრული - ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც მმართველი გუნდის წევრები სვამენ.

"ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ ის, რაზეც სუსი საუბრობს, მართლაც საფრთხილო საკითხია, მით უმეტეს იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. მათივე თქმით, ეს არ არის საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის პირველი შემთხვევა.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევისა, როგორც ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების მიზნით, და, ასევე, ქვეყანაში მასობრივი არეულობისა და ისტერიკის დანერგვის მიზნით. ამ შემთხვევაში, ჩვენ პირდაპირი ჩანაწერები გვაქვს მოსმენილი, როდესაც სააკაშვილი და ბიძამისი ალასანია საუბრობდნენ ერთმანეთში, ნუთუ ერთი კაცი ვერ უნდა მოიძებნოს, ვინც შუბლს გაუხვრიტავსო. ანუ იგივე სცენარი, რაც ტრამპზე განხორციელდა...

ასევე, მაგალითად, როდესაც იყო აღკვეთილი ჟურნალისტ გაბუნიას მკვლელობა, რაც შეკვეთილი მკვლელობა და ტერორისტული აქტი იყო.

ორსვლიანი სვლებით, საკმარისია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. უკრაინა არის საქართველოს წინააღმდეგ ათასგვარი პროვოკაციისა და აი, ამ მძიმე, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, ამის დამგეგმავების არა მხოლოდ შემფარებელი, არამედ მათი სახელმწიფოებრივი იმუნიტეტისა და მაღალი თანამდებობების მიმცემი," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადება ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით - საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. გამოკითხვაზე დაბარებულია კიდევ რამდენიმე პირი. სუს-ის ინფორმაციით, უწყება იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

დღის ამბები