16 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
არ მომწონს, რომ რუსეთი 3-ჯერ მეტს ყიდის საქართველოში პროდუქციას, ვიდრე ჩვენ ვყიდით რუსეთში... ვაპირებთ, ვაწარმოოთ მეტი, უფრო ძვირად გავყიდით, მათ შორის - რუსეთში - გიორგი ვაშაძე

რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, ოპოზიცია დღეს უკვე განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს. როგორც მმართველი გუნდის წევრები მიიჩვევენ, ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ რიტორიკა შეცვალა.

მმართველი გუნდის შეფასებით, "ლელოში" აღარ აქტიურობენ იმ 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიამ "საქართველოს დაცვის აქტით" და რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ წარმოადგინა. "ლელოში", ამასთან დაკავშირებით, განმარტებები გაკეთდა და მას სხვა მიზეზით ხსნიან.

"იცით, რომ ამ მოწვევის პარლამენტში "ლელოს", სამწუხაროდ, არ აქვს ხმების ის რაოდენობა, რომელიც საჭირა ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად. ყველაფერი ის, რაც წერია, საქართველოს დაცვის აქტში, არის ის ხედვა, რომელიც აქვს "ლელოს," - განაცხადა "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ამბობს, რომ განცხადება, თითქოს რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყდება, არის "ბოდვა".

"რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყდება და, თურმე, ვაშლსაც ვეღარ გავყიდით და ეგრევე ომი დაიწყება, არის ბოდვა. მე მიმაჩნია, რომ პრაგმატულ ურთიერთობებს აზრი აქვს," - ამბობს ნიკა გვარამია.

რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს - გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ რუსეთთან ვაჭრობა არ შეჩერდება.

"მე მინდა, რომ, ბევრი ვაწარმოოთ და ბევრი გავყიდოთ ნებისმიერ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ამოცანა. არ მომწონს ის, რომ რუსეთი 3-ჯერ მეტს ყიდის საქართველოში პროდუქციას, ვიდრე ჩვენ ვყიდით რუსეთის ფედერაციაში. რუსეთი გაცილებით უფრო სარგებლობს, დღეის მდგომარეობით, საქართველოსთან ვაჭრობით, ვიდრე საქართველო სარგებლობს რუსეთთან ვაჭრობით. რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ვაწარმოოთ მეტი, ვაპირებთ, ვაწარმოოთ უფრო ხარისხიანი და უფრო ძვირად გავყიდით, მათ შორის - რუსეთში," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს. ნიკა გვარამიას შემდეგ, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, გიორგი ვაშაძემაც განაცხადა, რომ მას არასდროს მოუთხოვია, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს. "ქართულ ოცნებაში" ამომრჩევლის გულის მოგების მცდელობაზე საუბრობენ. იხსენებენ "ლელოს" 9-პუნქტიან გეგმასაც, რომელიც პარლამენტში რამდენიმე თვის წინ დააინიცირეს და რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესება და ფრენების აკრძალვა მოითხოვეს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, წინასაარჩევნოდ, ამ თემებზე აღარც "ლელოში" საუბრობენ.

დღის ამბები