16 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ოღონდ ორი-სამი პროცენტი დაემატოთ, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" მზად არის, "პრორუსული" გახდეს, მათი ყალბი რიტორიკა ვერ გაიყიდება, საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს - ირაკლი კობახიძე

ოღონდ ორი-სამი პროცენტი დაემატოთ, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" მზად არის, "პრორუსული" გახდეს. მათი ყალბი რიტორიკა ვერ გაიყიდება, საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს სიყალბე წარმატებული ვერ იქნება.

"ოღონდ ორი-სამი პროცენტი დაემატოთ, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" მზად არის, გახდეს "პრორუსული." გახსოვთ, რა მომენტში გამოგვაცხადეს პრორუსულ ძალად. ეს იყო 2022 წლის თებერვლის ბოლო, მარტის დასაწყისი და ამ შეფასების საბაბი გახდა ჩვენი ორი გადაწყვეტილება. ერთი იყო ის, რომ სანქციები არ დავუწესეთ რუსეთის ფედერაციას, და ამის ახსნა არაერთხელ მოისმინეთ, რატომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება; მეორე იყო ის, რომ მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები. ამ ორი გადაწყვეტილების გამო "ქართული ოცნება" გამოცხადდა პრორუსულ პოლიტიკურ ძალად.

მოგვიანებით, უკრაინის ხელისუფლებამ ამ ორი კონკრეტული მიზეზით გაიწვია ელჩი საქართველოდან და ესეც ოპოზიციის უკიდურესი შეშფოთების მიზეზი გახდა. მაშინ არავის უთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო უსამართლო. პირიქით, ყველამ მხარი დაუჭირა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართული იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. საბაბი იყო ორი – სანქციების არდაწესება და მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა. მთელმა ოპოზიციამ მხარი დაუჭირა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნებოდა ორ საბაბს – სანქციების არდაწესებას და მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნას. ეს ყველაფერი ხომ ინახება, თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს, არსებობს არქივები, ყველაფერი ინახება, როგორ უჭერდნენ მხარს სანქციების დაწესებას, შესაბამისად, ქართული ეკონომიკის ჩამოქცევას; როგორ ითხოვდნენ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას. ამ ყველაფერს ინახავს არქივი. აქედან გამომდინარე, მათი ყალბი რიტორიკა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიყიდება. ქართულ საზოგადოებას ახსოვს ყველაფერი, ყველაფერი ახსოვს არქივს, აქედან გამომდინარე, ეს სიყალბე წარმატებული ვერ იქნება," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები