ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადება ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით - სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ გამოძიების მთავარი მიზანი ხალხის დაშინების გზით "ქართული ოცნების" ძალაუფლების შენარჩუნებაა.
"არცერთი გამოძიება, რომელიც დაიწყო 2014 თუ 2015 წლიდან დღემდე არ ყოფილა ფაქტებით დადასტურებული და მთელი ეს შეთქმულებების თეორია, რომელიც კრემლის დაზვერვის სამსახურების სცენარის გამეორებაა, ემსახურება ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებას მოსახლეობის დაშინების გზით,"- აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია.
უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ რადიკალურ ძალებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ჩამოცილებით ქვეყანაში არეულობის შემოტანა სურთ.
"გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით, გარდა იმ შეთქმულებისა ხელისუფლების დამხობასთან მიმართებაში. ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში იყო კოლექტიური "ნაცმოძრაობის" პოლიტიკურ კუბოში უკანასკნელი ლურსმნის ჩარტყმის ტოლფასი. რა თქმა უნდა, მათ კლავთ ბრაზი და ამოძრავებთ პრაგმატიზმი, რადგან სწორედ ბიძინა ივანიშვილია უპირველესი გარანტი იმისა, რომ საქართველო არ შეიცვლის მშვიდობიან ვექტორს, ივლის ბალანსის პოლიტიკით, არ უღალატებს არცერთ სტრატეგიულ პარტნიორს. ამ ყველაფრის გარევა უნდათ ბიძინა ივანიშვილის მოშორების გზით," - აცხადებს საპარტლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია.