ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს მართავს. კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ისრაელის ლიდერმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ღაზაზე კონტროლის შენარჩუნება საშუალებას მისცემს, რომ სექტორი ისრაელისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს.
"დღეს ისტორიის გზაგასაყარზე შევხვდით. მსოფლიო აჯანყების მდგომარეობაშია. ახლო აღმოსავლეთში ირანის ტერორის ღერძი ამერიკის, ისრაელის და ჩვენი არაბი მეგობრების წინააღმდეგაა მიმართული. ეს ცივილიზაციების შეჯახება კი არა, ბარბაროსობისა და ცივილიზაციის შეტაკებაა. ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა იდგეს იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ერთად ვართ, უბრალოდ ვიმარჯვებთ. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმის შემდეგ ისრაელის გულწრფელი მხარდაჭერისთვის. მან "ჰამასს" სამართლიანად უწოდა ბოროტება. ირანი ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო მოძრაობებს აფინანსებს, რაც ზუსტად ახლა, ამ შენობასთანაც მიმდინარეობს," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
პრემიერის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, კაპიტოლიუმის წინ ათასობით ადამიანი ღაზაში ნეთანიაჰუს სამხედრო მოქმედებებს აპროტესტებდა. ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, დემონსტრაციამ ძალადობრივი სახე მიიღო, რის გამოც პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.