16 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
ზოგ პარტიას სავიზო რეჟიმის შემოღება უნდოდა, ჩვენ არასდროს, ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფს არ გვითქვამს, რომ სავიზო რეჟიმის დაწესება არის საჭირო - რომან გოცირიძე​ რუსეთთან ურთიერთობაზე

ხელისუფლების ოპონენტებს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა სურთ. ოპოზიციის წევრები, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთისათვის სანქციების დაწესებას, პირდაპირი ფრენების შეწყვეტას და რუსი ტურისტებისთვის საზღვრების ჩაკეტვას მოითხოვდნენ, დღეს ოკუპანტ ქვეყანასთან პრაგმატულ მიდგომას ირჩევენ და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების სარგებელზე საუბრობენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს, ცდილობს ოპონენტებს ხელოვნური თემებითა და პროპაგანდით ებრძოლოს.

"შემოაგორეს ხელოვნური თემები და ცდილობენ პროპაგანდით გვებრძოლონ. საქართველოს მოქალაქეს აინტერესებს ევროკავშირი, აინტერესებს ღირსეული სამუშაო ადგილი, კეთილდღეობა, რომელიც მას ექნება ნამდვილად ევროკავშირის სივრცეში," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, რომან გოცირიძის თქმით, მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ დემაგოგიას აგრძელებს.

"არაფერი არ შეცვლილა, ტყუილია ყველაფერი. ოპოზიცია მუდამ საუბრობდა იმის თაობაზე, რომ საქართველო არ უნდა იყოს რუსეთისადმი დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ტერიტორია და მექანიზმი. ზოგ პარტიას სავიზო რეჟიმის შემოღება უნდოდა, ჩვენ არასდროს, ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფს არ გვითქვამს, რომ სავიზო რეჟიმის დაწესება არის საჭირო. კვლავ აგრძელებს "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ დემაგოგიას. იცის, რომ განწირულია, მიედ-მოედება. ამ დემაგოგიური და ამაზრზენი განცხადებებით, ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენს მოქალაქეებს ვერ მოატყუებენ," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

დღის ამბები