16 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ეს სარჩელი არის შანსი, რომ დადგეს საქართველოს კონსტიტუციისა და ქართული საზოგადოების ევროატლანტიკური არჩევანის მხარეს - თინა ბოკუჩავა

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

მათი მთავარი მოთხოვნა კანონის გაუქმება და, განხილვამდე, მისი შეჩერებაა. სარჩელს ხელს ოპოზიციის 38 წევრი აწერს. ოპოზიცია თქმით, კანონი შეუსაბამოა კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან.

კანონთან დაკავშირებით, საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილი აქვთ საქართველოს პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას, ამიტომ ისინი თავს ვალდებულად თვლიან, საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში იდავონ.

"კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ძირს უთხრის დემოკრატიას. მივიჩნევთ, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება ამაზე ვიდავოთ საკონსტიტუციო სასამართლოში. საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია, 38 დეპუტატი ვაწერთ ხელს, ზოგიერთი ფიზიკურად არ იყო, თუმცა ისინიც უერთდება ამ სარჩელს. სასამართლოში მთელი საქართველო ვდავობთ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო 78-ე მუხლის შესრულების საკუთარ ვალდებულებას გამოიყენებს და მიიღებს დროებით ღონისძიებას, ამ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ეს სარჩელი არის შანსი, რომ დადგეს საქართველოს კონსტიტუციისა და ქართული საზოგადოების ევროატლანტიკური არჩევანის მხარეს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედებებიდან გამომდინარე, მაღალი მოლოდინი ვერ გვექნება, რომ სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით იხელმძღვანელებს, თუმცა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ, ოპოზიციისა და საზოგადოების სახელით, შევეწინააღმდეგოთ რუსულ კანონს, მათ შორის, საკონსტიტუციო ბერკეტების გამოყენებით. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ეს სარჩელი არის შანსი, რომ დადგეს საქართველოს კონსტიტუციის და ქართული საზოგადოების ევროატლანტიკური არჩევანის მხარეს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები