16 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
საკონსტიტუციო სარჩელს ხელს არ ვაწერთ - საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი არ გვაქვს - იაგო ხვიჩია

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის, არასამთავრობოებისა და დეპუტატების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ წარმოებად გაერთიანდება. განცხადებას მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს. მერაბ ტურავა ამბობს, რომ ვადებს სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს, საკითხის განხილვას კი, მინიმუმ, ერთი თვე მაინც დასჭირდება.

თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები - ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მათ, კანონის გასაუქმებლად, კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ. სარჩელს ხელს არ აწერს "გირჩი". იაგო ხვიჩიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი არ აქვთ.

"არ ვაწერთ ხელს საკონსტიტუციო სარჩელს. ზოგადად, არ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი. გვაკვირვებს, პრეზიდენტს რატომ აქვს იმ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი, რომელმაც კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და იმპიჩმენტისთვის გაიმეტა. ასევე, ოპოზიციური პარტიებს რა საფუძველი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საქმეს მოიგებენ, ჩემთვის კარგად არ არის ცნობილი. ამის შესახებ მათგან პასუხები ვერც საჯარო სივრცეში მოვისმინე, თუმცა წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კოლეგებს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელის ხელი მოაწერა, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს.

"ჩვენმა გუნდა გამოიყენა ეს ბერკეტი და მოვაწერეთ ხელი საკონსტიტუციო სარჩელს ანტიდასავლური კანონისა და იმ კანონის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ხელისუფლების მომხრეები, აგენტებად აცხადებს. არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ყველამ კარგად იცის, რა ხდება სასამართლო სისტემაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ხელთარსებული სამართლებრივი ბერკეტები მაქსიმალურად არ უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დღის ამბები