საქართველოს საკითხზე იმსჯელეს ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. სხდომაზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებს ეხებოდა, კანონმდებლებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის - ევროპაში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, უკრაინის დახმარება და საქართველოში არსებული ვითარება.
სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი უძღვებოდა. საქართველოზე კითხვების საპასუხოდ კი, მოწვეული იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო"ბრაიენი, რომელიც, ცოტა ხნის წინ, ვიზიტით, თბილისში იმყოფებოდა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან, ანაკლიის პორტთან, საქართველო ამერიკის ურთიერთობებთან და ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.
"ჩვენ, პირველ რიგში, საქართველოსთვის ჩვენი დახმარების გადახედვის პროცესში ვართ. ძალიან გვინდა, მხარი დავუჭიროთ ყველაფერს, რაც დაეხმარება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს - საპარლამენტო არჩევნები აქვთ, თუმცა ჩვენ ნათელი უნდა გავხადოთ "ქართული ოცნებისთვის", რომ რეალური შედეგები იქნება. იქნება დიდი სამხედრო წვრთნების გადადება და გავაგრძელებთ იმის გადახედვას, თუ რას ვაკეთებთ, იმედი მაქვს, რომ ამის სათქმელად შესაძლებლობა შეიქმნება.
საქართველოში მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკან დაბრუნების გზა არსებობს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. ნებისმიერი "გამჭვირვალობის" საჭიროების შექმნა, რომელიც მათ სურთ, თუნდაც ამ "უცხოური აგენტების" კანონის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ვიდრე რუსულ კანონთან შესაბამისობა. არ ჰყავდეთ ჩინეთი, როგორც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის შემქმნელი. ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის," - აცხადებს ჯეიმს ო"ბრაიენი.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონთამ დაკავშირებით ისაუბრა.
"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოსთან დაკავშირებით, მის უკუსვლაზე, პარლამენტის მიერ უცხოური აგენტების კანონის მიღებაზე, რომელიც რეალურად იმეორებს ანალოგიურ რუსულ კანონს. მათ ეს მიიღეს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად. რთულია იმის გაგება, თუ რატომ ირჩევს საქართველოს მთავრობა ამგვარ მიდგომას, იმის მიუხედავად, თუ მათი რამხელა ტერიტორიაა აქვს რუსეთს ოკუპირებული. ჩემთვის ძალიან ძნელი გასაგებია, რატომ არ უსმენს საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხს, რომელსაც ნათელია, რომ არ სურს ის მიმართულება, საითაც ის მიდის," - აცხადებს ჯინ შაჰინი.