პარტია "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით "ქართულ ოცნებას" ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციისკენ მიჰყავს.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაფინანსების შეწყვეტა, პოლიტიკური კრიზისის გარდა, ეკონომიკისთვისაც მძიმე დარტყმაა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. "ოცნებას" მივყავართ საერთაშორისო იზოლაციისკენ. ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის და ამიტომაც არის ძალიან მძიმე პოლიტიკური ნაბიჯი.
მეორე მხრივ, ამას მხოლოდ პოლიტიკური განზომილება არ აქვს, ამას აქვს ეკონომიკური განზომილება. ჩვენი ქვეყნის ინვესტორებისთვის და, განსაკუთრებით, საერთაშორისო ინვესტორებისთვის არის უმძიმესი სიგნალი, რომ შეერთებული შტატები აჩერებს პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
პოლიტიკური პლატფორმის "ერთიანობის" წევრის, გია ჯაფარიძის განცხადებით, მიმდინარეობს საქართველოსთან ურთიერთობების სრული და სიღრმისეული გადახედვა, რომლის მიზეზიც "ქართული ოცნების" ქმედებებია.
"მიმდინარეობს საქართველოსთან ურთიერთობების სრული და სიღრმისეული გადახედვა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც, ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადადგა. 95 მილიონი დოლარი არის დაბლოკილი. დაბლოკვის მიზეზი არის საქართველოს ხელისუფლების ქმედებები", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარება გაუყინა.