"ნაციონალურ მოძრაობას" და ოპოზიციას ისეთ ვალდებულებებზე აქვს ხელი მოწერილი, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები - ხელისუფლებაში მოსვლა კი არ უნდათ, ძალაუფლება სჭირდებათ უცხოური დაკვეთის შესასრულებლად. იმისთვის კი არ მოდიან, რომ რაიმე სასარგებლო გაუკეთონ ქართველ ხალხს, საუბრობენ ტექნიკურ მთავრობასა და სხვა ასეთ აჯაფსანდალზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციაში სურთ,"გააუბრალოონ ის ღალატი, რომელშიც ჩართულები არიან".
"რაც შეეხება გამოძიებას, მიმდინარეობს და ვნახოთ, რა შედეგები იქნება. ზოგადი გამოცდილებიდან გამოვიდეთ, რისი გამკეთებელია და რაზე წამსვლელია "ნაციონალური მოძრაობა". საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება ადამიანი, რომელიც რძის პროდუქტების კონტეინერით შემოაპარეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა. მეტი სირცხვილი რა გინდათ, როცა ყოფილი პრეზიდენტი კონტეინერით შემოაპარა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა. ამაზე მეტი ღალატი საერთოდ არსებობს?! უცხო ქვეყნის სპეცსამსახური რომ შემოგაპარებს ქვეყანაში არჩევნებამდე 2 დღით ადრე, რათა სიტუაცია არიო... ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის მთელი არსი. არაფერი აინტერესებთ. როდესაც მართული ხარ, მაშინ ხარ ყველაფერზე წამსვლელი. მათ ისეთ ვალდებულებებზე აქვთ ხელი მოწერილი, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები.
მათ შორის, გუშინ იხილეთ ზურაბიშვილის განცხადება. არც არის საუბარი ხელისუფლებაში მოსვლაზე, ხელისუფლებაში მოსვლა კი არ უნდათ, ძალაუფლება სჭირდებათ უცხოური დაკვეთის შესასრულებლად. აცხადებენ, რომ იმისთვის კი არ მოდიან, რომ რაიმე გაუკეთონ სასარგებლო ქართველ ხალხს, საუბრობენ ტექნიკურ მთავრობაზე და სხვა ასეთ აჯაფსანდალზე.
პროგრამების განხორციელებისთვის კი არ უნდათ რაიმე, ხალხისთვის რაღაცის გაკეთებისთვის კი არ უნდათ, მათ არ უნდათ ხელისუფლება, მათ ძალაუფლება უნდათ. ამ ძალაუფლების ბერკეტით შეასრულონ დაკვეთები, რომელსაც მიიღებენ უცხოეთიდან. ბოლო 2 წელი წიხლით გვექაჩებოდნენ, რომ ომში რაღაცნაირად შეეთრიათ ეს ქვეყანა, მათ შორის, ქსენოფობიური კამპანიით. გამოძიება გვაჩვენებს, რა შედეგი იქნება. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არაფერი გასაკვირი არ იქნება. ქურდს ქუდი ეწვისო, რა თქმა უნდა, სურთ გააუბრალოონ ის ღალატი, რომელშიც არიან ჩართულები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.