16 ნოემბერი 2024,   20:08
ვრცლად
სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მივყავართ იქით, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ყოველდღიურად გვესმის რაღაცის შეჩერების შესახებ - დავით კირკიტაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" პარტნიორებს იძულებულს ხდის, რომ სხვადასხვა დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მიიღონ გადაწყვეტილება. კირკიტაძემ ეს განცხადება ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

"სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მივყავართ იქით, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ყოველდღიურად გვესმის რაღაცის შეჩერების შესახებ, რაღაც ისეთზე, რომელზეც დღეს საუბარი არ უნდა მიდიოდეს. ეს ქვეყანა ყველასია, რამდენიმე წლის წინ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული მომავალი და ბედნი არის დაკავშირებული ევროპასთან და ამერიკასთან. ამ გზაზე ერთადერთი არის ხელისუფლება, რომელიც გვიშლის ხელს, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, წინ გვეღობება და იძულებულს ხდის პარტნიორებს მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

"საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეჩერებულ დაფინანსებაზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

"დაფინანსების შეჩერება ახალი არ არის. ვნახეთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გადაწყვეტილებები. ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესი გაყინა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთი მიმართულებით შეგვიჩერა დახმარება და გვეუბნებიან, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, სხვადასხვა მიმართულებით, გადახედვის პროცესშია. ვვარაუდობ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად დამძიმდება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენ ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, რომ ისინი დგანან ქართველ ხალხთან", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეორე დღეა, ლუგარის დაფინანსების საკითხზე პოლიტიკური დისკუსია მიმდინარეობს. ოპოზიცია დასავლელი პარტნიორების მხრიდან პროექტების შეჩერების ტენდენციასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. "ქართული ოცნებისთვის" კი, გაუგებარია, რა კავშირშია შტატების ჰუმანიტარული მიზნები, მათ შორის ლაბორატორიის დაფინანსება ქვეყანაში უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღებასთან.

ამავე თემაზე, დღეს ბრიფინგი გამართა ჯანდაცვის მინისტრმა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე ან საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არაა - საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია.

 

დღის ამბები