სახელისუფლებო გუნდი დანიის საელჩოსგან განმარტებებს ითხოვს. რატომ აღმოჩნდა დანიის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერი - დიპლომატიურ სამსახურს ბოლო ორი დღეა დუმილი არ დაურღვევია. იღებენ, თუ არა პასუხისმგებლობას ექსპრეზიდენტის ბანერის განთავსებაზე თავად დონორები - დანიის საელჩო არც "კურიერის" შეკითხვებს პასუხობს. "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას უცხოური დაფინანსებით ატარებენ, რაც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა.
მიხეილ სააკაშვილის ბანერი, თელავში, დანიური ფონდის მიერ დაფინანსებულ რიგით მეორე შეხვედრაზე გამოჩნდა, რომელშიც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მონაწილეობდნენ. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი, სწორედ სასამართლოს მიერ, სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობილი სააკაშვილის პლაკატი იყო, მისი გათავისუფლების მოთხოვნით. წინასაარჩევნოდ ლიდერის ციხიდან დახსნა, პარტიისთვის რომ მთავარი პრიორიტეტია, ნაციონალურ მოძრაობაში დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის, ერთობლივი წინასაარჩევნო კამპანიისთვის, პლატფორმის შექმნა და უცხოური გრანტის გამოყოფა, საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევაა. უმრავლესობის ლიდერებმა დღეს დანიელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, არ დააფინანსოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ღონისძიებები.
დანიის მთავრობის დაფინანსებით პირველი ღონისძიება სახელწოდებით დემოკრატიის ფესტივალი წალენჯიხაში გაიმართა. ორგანიზაცია ”დანიის პარტიების და ინსტიტუტის” მხარდაჭერით, შეხვედრები დაგეგმილია ქუთაისსა და ბათუმშიც