ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, თამაზ ურთმელიძის დედის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს საგანგაშოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ პროკურატურის საქმიანობა შესწავლილი უნდა იქნას.
„ძალიან მძიმე ბრალდება გაჟღერდა პროკურატურის მისამართით, რომ მას თაროზე ჰქონდა შემოდებული საქმე, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების მიზნით გააცოცხლა,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
საიას თავმჯდომარე პროკურატურის საქმიანობის შესწავლას ითხოვს და ამბობს, რომ მნიშვნელობა არა აქვს, თამაზ ურთმელიძე რუსთავი2-ის საქმეს აცილებას მისცემს თუ არა, პროკურატურის ეს მოქმედებები ბოლომდე შესწავლილი უნდა იყოს.
„ჩვენ რამდენიც არ უნდა ვთქვათ, რომ სასამრთლო არის დამოუკიდებელი, ჩვენ ასეთ კომფორტში ვეღარ დავრჩებით ამ მძიმე ბრალდების ფონზე. ეს საკითხი უნდა იქნას გამოძიებული, ჩვენ ამ ფაქტს ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ,“ - ამბობს ნაცვლიშვილი.