რაზეც ტალიავინმა ისაუბრა, ზუსტად ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით "ნაცმოძრაობას" ხელი აქვს მოწერილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა", პრაქტიკულად, რუსეთის შემოსვლას საქართველოში და ოკუპაციას ამართლებს როგორც ტალიავინის დასკვნაზე ხელმოწერით, ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით.
"რაზეც ტალიავინმა ისაუბრა, ზუსტად ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით "ნაცმოძრაობას" ხელი აქვს მოწერილი. ანუ, პრაქტიკულად, რუსეთის შემოსვლას საქართველოში და ოკუპაციას ამართლებს როგორც ტალიავინის დასკვნაზე ხელმოწერით, ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით.
ეს რეალობა დადგა და ამ რეალობის უკან რა პროცესები იდგა, რასაკვირველია, ეს გამოსაძიებელიც არის და კიდევ, დამატებითი მასალებია ამ თემაზე მოსაპოვებელი," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ჰაიდი ტალიავინი აცხადებს, რომ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით მომზადებული დასკვნა სწორად იყო ფორმულირებული. "ცხინვალის ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება, გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები", - აღნიშნავს ის.
ინტერვიუს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია "მოღალატეობრივ ქმედებებზე" 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საკითხზე საჯარო სამართლებრივი პროცესი წარიმართოს.