16 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
"ბოლო წლებში საქართველოს ოკუპაციის საკითხზე მხარდაჭერა განსაკუთრებულად მზარდია" - ლაშა დარსალია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას გამოეხმაურა.

"მივესალმებით გაეროს უშიშროების საბჭოზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის განხილვას. ამ მხრივ, მადლობა გვინდა გადავუხადოთ მალტის თავმჯდომარეობას, როგორც უშიშროების საბჭოს მიმდინარე თავმჯდომარეს,“ - აღნიშნა დარსალიამ.

მისივე თქმით, ამ პროცესს წინ უძღოდა დიდი მუშაობა, რომელიც ჩატარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თავის პარტნიორებთან.

გარდა ამისა, მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტა, რომ ეს არ არის ერთეული სხდომები ან ერთეული განცხადებები. ბოლო წლების განმავლობაში ასეთ ფორმატში შეხვედრები მუდმივად ტარდება. ლაშა დარსალიამ ისაუბრა ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

"მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გააჩნია საქართველოს, იქნება ეს ევროსაბჭო, ეუთო თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც მიიღება მთელი რიგი რეზოლუციები, განცხადებები. ხაზი მინდა გავუსვა განსაკუთრებით ბოლო წლებში მზარდ მხარდაჭერას საქართველოს რეზოლუციების მიმართ. მაგალითად, გენერალურს ასამბლეაზე წელს საქართველოს რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ასეთი რეზოლუციები აქვს საქართველოს ადამიანის უფლებათა საბჭოში, ასევე ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. აქვე დავამატებდი საერთაშორისო სასამართლოების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს. რომ შევაჯამოთ, საერთაშორისო სამართლის მიერ, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების მიერ ცალსახად განსაზღვრულია რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპაციაზე პასუხისმგებელი ქვეყანა,"- განაცხადა დარსალიამ.

დღის ამბები