16 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" პლატფორმა "ერთიანობის" ფორმატში გაერთიანდებიან

"ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" პლატფორმა "ერთიანობის" ფორმატში გაერთიანდებიან. ამის შესახებ ცნობილი "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე გახდა. პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გარდა ამ საკითხისა, ყრილობაზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას აიჩევენ.

"ერთი მხრივ, მოხდება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევა, რომლის კანდიდატურაც პარტიას შემოგვთავაზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტში და, ასევე, დღევანდელ ღონისძიებაზე ჩვენს პლატფორმა "ერთიანობას" შეუერთდება "ევროპული საქართველო". ჩვენთვის ერთიანობა არ არის მხოლოდ სიტყვა ან საარჩევნო სლოგანი, ეს არის იდეა, რომლისაც გვწამს," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს სასაუბროდ, ვიდრე სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ტექნიკური გადაწყვეტილებებია.

"ნებისმიერი: "ამან თქვა", "იმან თქვა" არის ძალიან უინტერესო, როდესაც ადამიანებს აქვთ კონკრეტული საჭიროებები და კონკრეტული პრობლემები, რომლის გადაჭრაც სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს. ეს პრობლემები ჩვენ კარგადა ვიცით და ეს პრობლემები რომ მოსაგვარებელია, ამაზე უნდა ვიმუშაოთ ყოველდღიურად. სხვა პრობლემები - პოლიტიკურ პარტიებში ტექნიკური გადაწყვეტილებები, თანამდებობები, ეს არის მეათასეხარისხოვანი და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ამ ადამიანების პრობლემების მოგვარება," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი წერეთელი ამბობს, რომ პარტიის გაყოფის შემდეგ, მათ ინტენსიურად დაიწყეს მოლაპარაკებები სხვადასხვა გაერთიანებასთან.

"მას შემდეგ, რაც "ევროპული საქართველო" გაიყო და პარტიის ერთმა ნაწილმა დატოვა ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები ყველა პოტენციურ პარტნიორთან, გვქონდა ყველა შესაძლო კოალიციასთან და ეს არ არის 10 და 20. იქ, სადაც ვნახეთ, რომ არის უფრო მეტი თანხვედრა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვენთვის მთავარი პრინციპი. პირადი სენტიმენტები, ძველი საკითხები - ასეთი, ვფიქრობ, დღეს ვინც გაერთიანდა, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ჰქონია სხვადასხვა პერიოდში," - აცხადებს გიგი წერეთელი.

დღის ამბები