16 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ჩინეთის დიპლომატიური უწყების ბრალდებები აშშ-ის დემოკრატიის ეროვნულ ფონდს - რა წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვრცელ ანგარიშში

NED-ი, როგორც აშშ ხელისუფლების "თეთრი ხელთათმანები" - ასე უწოდებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "დემოკრატიის ეროვნულ ფონდს", რომლის საქმიანობის შესახებაც უწყებამ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის დაფინანსებული ორგანიზაცია, დემოკრატიის მხარდაჭერის საბაბით, სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობითაა დაკავებული, დივერსიებისა და საბოტაჟის განხორციელებისთვის კი ფონდი საშინაო საქმეებში ჩარევას, განხეთქილებისა და დაპირისპირების წაქეზებასა და, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინფორმაციის გაყალბებას ეწევა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ NED-ი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფარული ოპერაციების განმახორციელებელია და მისი შექმნის იდეაც აქედან მომდინარეობს. ორგანიზაციის მიზნებზე ოფიციალური უწყება, ჩინეთის გარდა, არაერთი ქვეყნის მაგალითზე საუბრობს. მათ შორის, ნახსენებია ფერადი რევოლუციები, უკრაინაში ევრომაიდნისა და საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აქციების დაფინანსება და მხარდაჭერა.

"ქართულ ოცნებას" ჩინეთის მწვავე ანგარიში არ უკვირს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ აშშ-ის და, უშუალოდ, NED-ის დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო და ეს კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" საქმიანობას საერთაშორისო საზოგადოება და მედიაც აკრიტიკებდა, მათ შორის - თავად აშშ-შიც.

ჩინეთის ოფიციალური უწყების ანგარიშის შინაარსში ოპოზიცია არ შედის. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება, აშშ-თან ურთიერთობის თვალსაზრისით, არასწორია.

NED-ი აშშ-ის მთავრობის ეგიდით შეიქმნა, აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ის ანგარიშს აბარებს აშშ-ის მთავრობას, რომელსაც ფონდის ყველა პროგრამის შესახებ აქვს ინფორმაცია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ, "გამჭვირვალობის კანონის" კრიტიკის ნაცვლად, NED-იც და მისი დაფინანსებული ორგანიზაციებიც საქართველოში ანალოგიურად გამჭვირვალედ უნდა საქმიანობდნენ.

ჩინეთის საგარეო სამინისტრო ანგარიშში, დასკვნის სახით, წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ადამიანის უფლებების საფარქვეშ, NED-ი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენა, რამაც უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმები და მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა. უწყება წერს, რომ მათი მიზანია, გააფრთხილონ სხვა ქვეყნები, თავი დაიცვან ფონდისგან მომდინარე დივერსიის მცდელობებისგან და დაიცვან საკუთარი ეროვნული სუვერენიტეტი და უსაფრთხოება.

დღის ამბები