"ხალხის ძალის" მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც აგვისტოს ომს და "ნაციონალურ მოძრაობას" ეხება, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. წერილში "ხალხის ძალა" პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ საკითხს არჩევნების შემდეგ, სათანადო პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასება მიეცემა.
"რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია არის აგრესორი, მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ იქ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები არ იქნა შესაბამისად შეფასებული და ამიტომ, დღეს ეს ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, თავისი რიტორიკით, ქმედებით, გარედან თუ შიგნიდან, საქართველო ისევ დაპირისპირების სპირალში შეიყვანონ რუსეთის ფედერაციასთან, რაც რა თქმა უნდა, გაცილებით მძიმე შედეგებით დასრულდება, ვიდრე ეს 2008 წელს მოხდა. აქედან გამომდინარე, როგორც ითქვა, არჩევნების შემდეგ, ამას სათანადო პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მივცემთ", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.