ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხატია დეკანოიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" ბრუნდება. სავარაუდოდ პარტია მას საზოგადოებას დღეს წარუდგენს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკვე ადასტურებენ თავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. გადაჯგუფებებს ოპოზიციურ სპექტრში სიმულაციურს უწოდებს მმართველი გუნდი, სადაც ამბობენ, რომ ეს პროცესი ხელოვნურია და ისინი დაკვეთას ასრულებენ, რომლის მიზანსაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ სულ ოთხი ოპოზიციური ცენტრი ჩამოყალიბდა.
"როგორც ჩანს ოთხი ოპოზიციური ცენტრი ჩამოყალიბდა, უკეთესი იქნებოდა, რომ სამი ყოფილიყო. მაგრამ თუ დავაკვირდებით იმ განცხადებებს, რაც ამ სამ მთავარ შემკრებ ცენტრში კეთდება, ნაკლები ალბათობაა კიდევ უფრო გამსხვილების. მთელი ოპოზიციური სპექტრი უნდა გაერთიანდეს ამ ოთხ ოპოზიციურ ცენტრში," - აცხადებს გოცირიძე.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ერთიანობა ევროპის კარის გასაღებია.
"სწორედ ერთიანობა არის ის გასაღები, რომელიც გააღებს ევროპის დაკეტილ კარს. ნებისმიერი ადამიანის შემოერთება არის მთავარი იდეის გამოხატულება, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.