ერთი წლის წინ, "ნაციონალური მოძრაობიდან" ხმაურიანი განცხადებებით წასული ხატია დეკანოიძე დღეს მშობლიურ პარტიას დაუბრუნდა. პოლიტიკოსი, რომელიც ყოფილ სახელისუფლებო გუნდში ბელადომანიასა და ერთპიროვნულ მმართველობაზე საუბრობდა, ახლა ამბობს, რომ უკან დაბრუნების გადაწყვეტილება პერსონალურად მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღო. ერთწლიანი განშორების მიუხედავად, დეკანოიძე არჩევნებზე კვლავ ხუთი ნომრით წარდგება.
დეკანოიძისგან განსხვავებით, წარსული წყენები, როგორც ჩანს, მისი თანაპარტიელების ნაწილისთვის არსად გამქრალა. ანი წითლიძემ დღეს სოციალურ ქსელში კოლეგას მედროვე, მის გადაწყვეტილებას კი ამორალური უწოდა. დეპუტატი ფიქრობს, რომ ხატია დეკანოიძის მიზანი მხოლოდ გამსვლელ საარჩევნო სიაში ადგილის მოპოვებაა.
ოპონენტების ყველა გზა რომ "ნაცმოძრაობაში" მიდის ამაში მმართველი გუნდი დარწმუნებულია. სახელისუფლებო პარტიისთვის ხატია დეკანოიძის მაგალითიც ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირება და ახალ ძალად პოზიციონირება მხოლოდ სიმულაციური პროცესია. მმართველი გუნდი ოპოზიციურ გადაჯგუფებებს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს.
არჩევნების შემდეგ რომ არ არის გამორიცხული ყველა ოპოზიციურმა ძალამ თავი "ნაცმოძრაობის" წიაღში მოიყაროს, ამას თავად ყოფილ სახელისუფლებო პარტიაშიც არ უარყოფენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ხელისუფლების შეცვლის ფორმულა მხოლოდ მათზე გადის. დღეს დისტანცირებას ცდილობენ, თუმცა რა იქნება პოსტსაარჩევნო პერიოდში - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა სხვა ოპოზიციურ პარტიებში უჭირთ.
არჩევნებამდე გაყოფისა და შემდგომ "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ ოპონენტების გაერთიანებაში დარწმუნებულია საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების თქმით, პროცესი ოპოზიციის უცხოელი პარტნიორების დაკვეთაა, რადგან "ნაცმოძრაობა", როგორც ბრენდი, საზოგადოების თვალში საკმაოდ დაზიანებულია.
საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე ოპოზიციაში ტაქტიკური გადაჯგუფება გრძელდება. 26 ოქტომბრის შემდეგ გაირკვევა, კიდევ ვინ გადაწყვეტს, ხატია დეკანოიძის მსგავსად, საკუთარ პოლიტიკურ საწყისებს დაუბრუნდეს.