პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი მცხეთაში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებთან შეხვედრის ღონისძიებაზე მიღებულ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურება.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მშვიდობის და კეთილდღეობის გარანტია, ამიტომ მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
"ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობის მთავარი გარანტი. ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ყველაფერზე არიან წამსვლელები და მათ, ერთად, დაისახეს მიზნად, რომ გაანადგურონ ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, რასაკვირველია, უსაფრთხოების ზომები იქნება გარანტირებული და მაქსიმალურად დაცული, ვინაიდან ეს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის არის საჭირო, ვინაიდან ეს ადამიანები სწორედაც რომ მშვიდობას და კეთილდღეობას ებრძვიან დღეს საქართველოში.
ის რეაქციები, რომელიც მათ აქვთ, სწორედაც რომ ახდენს ლუსტრაციას, რომ მათ, სინამდვილეში, შიში აქვთ იმის, რომ თუ მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში, უზრუნველყოფილი იქნება მათი გაქრობაც ქართული პოლიტიკიდან," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.